Monday, January 12, 2015

ისლამის რადიკალიზაციის თავისებურებები თანამედროვე ევროპასა და საქართველოში


ტატია გამოქვეყნდა 2007 წელს, ასევე წაკითხულ იქნა  11.12.2007 _ ქართულ-ევროპული უნივერსიტეტის საერთაშორისო კონფერენციაზე (,,საქართველოროგორც ევროპის ნაწილი(ისტორიული ასპექტები)“. (პროექტის დამფინანსებელი ევროკავშირიგანმახორციელებელი პერ მენდესის უნივერსიტეტი _ გრენობლისაფრანგეთი). თბილისი)
- დამსწრემ საფრანგეთიდან(ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი) განაცხადა რომ ისინი ანხორციელებდნენ  ისეთ პროგრამებს რაც ხელს უწყობდა ფრანგულ საზოგადოებაში ისლამური ქვეყნებიდანემიგრანტების ინტეგრაციას, და ჩვენ ბევრ რამეს ვაზვიადებდით და ასე შემდეგ ....... 


თენგიზ სიმაშვილი

ისლამის რადიკალიზაციის თავისებურებები თანამედროვე 
ევროპასა და საქართველოში

,,დაზვერვის და უშიშროების სფეროში სტრატეგიული კვლევების ევროპული ცენტრის~ მიერ 2005 წელს გამოქვეყნდა მოხსენება _ ,,ევროპაში მცხოვრები მუსლიმანი ახალგაზრდობის რადიკალიზაცია: სინამდვილე და საშიშროების მაშტაბები~. მასში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ ევროპული ქვეყნების უნივერსიტეტებში არსებობს, სხვადასხვა რადიკალური ისლამური ორგანიზაციის თუ ტერორისტული მოძრაობის პირველადი უჯრედები, ჯგუფები. [1]
მართლაც დღეს, სწრაფი ტემპით მიმდინარეობს ახალგაზრდა ევროპელი მუსლიმანების, სულ უფრო და უფრო მეტი რაოდენობით გაერთიანება ისეთი რადიკალური ისლამური იდეოლოგიის მქონე ტერორისტული ორგანიზაციების ევროპულ ფილიალებში, როგორებიცაა ,,ჰეზბოლა~, ,,ჰამაზი~, ,,ძმები მუსულმანები~, ალჟირული, ეგვიპტური, თურქული და ასევე, საერთაშორისო ისლამური ტერორიზმის დღევანდელ მედროშე _ ,,ალ-ქაიდასთან~ დაკავშირებული ტერორისტული ორგანიზაციები. 
თანამედროვე ,,ალ-ქაიდას~ საქმიანობის ანალიზიდან ჩანს, რომ იგი ამჟამად მოქმედებს არა როგორც ცენტრალიზებული ტერორისტული ორგანიზაცია, არამედ როგორც მოძრაობა. მას გააჩნია ერთის მხრივ, ცენტრალიზირებული და თან ავტონომიურად მოქმედი სტრუქტურები. მეორეს მხრივ, მის ტაქტიკას იყენებენ მსოფ-ლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის ევროპაში გაბნეული ტერორისტული ორგანიზაციები, ასოცირებული ან მთლიანად დამოუკიდებელი საბრძოლო უჯრედები. ,,ალ-ქაიდიზმის~ მოძრაობის იდეოლოგიური ბაზა ემყარება სუნიტური ისლამის რადიკალურ მიმდინარეობა ვაჰაბიზმს.[2] თანამედროვე ეტაპზე ამ მოძრაობის ძირითადი ძალები გადასროლილია ერაყში, მაგრამ ამერიკის მიერ ირანის წინააღმდეგ საომარი კამპანიის დაწყების შემთხვევაში, ჩემი აზრით უახლესი ტექნოლოგიების წყალობით სწრაფად მოხდება, ,,ალ-ქაიდიზმის~ მოძრაობის მიმდევრების და წევრებისათვის ახალი დარტყმის ობიექტების მითითება ევროპის ქვეყნებში. ამ დასკვნების გამოტანის საშუალებას გვაძლევს, ბოლო პერიოდში ,,ალ-ქაიდიზმის~ მოძრაობის საქმიანობის ანალიზი. ერაყში მოკავშირეთა ძალების შესვლის შესვლის შემდეგ ,,ალ-ქაიდიზმის~ მოძრაობა ცდილობდა აქტიური ზემოქმედება მოეხდინა ევროპის ქვეყნების მთავრობებზე. მაგალითად, 2004 წლის მარტში ესპანეთში, ამ მოძრაობის წარმომადგენლების მიერ მოწყობილ, ე. წ. ,,მადრიდის ტერაქტს~ _ მატარებლის აფეთქებას მოჰყვა 200-ზე მეტი ადამიანის სიკვდილი. შედეგად გადადგა მთავრობა და ესპანეთმაც ერაყიდან გამოიყვანა ჯარისკაცები. ერაყში ერთ-ერთი სუნიტური ტერორისტული ორგანიზაციის მიერ იტალიელი ჟურნალისტი ქალის მძევლად აყვანამ, პროვოცირება გაუკეთა მოსახლეობის მხრიდან იტალიის ხელისუფლებაზე ზეწოლას. შედეგად ერაყიდან გავიდნენ იტალიის საჯარისო ნაწილები.
ანალიტიკოსების ნაწილის აზრით, თანამედროვე მსოფლიოს ქვეყნებში, სადაც მუსლიმანი მოსახლეობა აჭარბებს, ან გადააჭარბებს მოსახლეობის 30-50%-ს აუცილებლად იწყება პრობლემები. მაგალითად მოყავთ ლიბანი, რომელიც არცთუ ისე დიდი ხნის წინ იყო ეკონომიურად ძლიერი, სტაბილური ქვეყანა.[3] შესაბამისად ამავე კონტექსტში გასათვალისწინებელია, რომ დასავლურ ქვეყნებში _ ინგლისში, გერმანიაში, საფრანგეთში, ჰოლანდიაში ბელგიაში, ესპანეთში და სხვაგან დიდი სისწრაფით მატულობს მუსლიმანი მოსახლეობის რაოდენობა. ამასთან, აქ მცხოვრებ ისლამის სხვადასხვა მიმართულების მაღიარებელ მოსახლეობაში, სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს ისლამის რადიკალიზაცია. მაგალითად, ლონდონში 2002 წელს ადგილობრივი პრესის გამოკითხვის შედეგებით, რომელიც ჩატარდა ინგლისში მცხოვრებ ადგილობრივ და ემიგრანტ მუსულმანურ მოსახლეობაში მათი მინიმუმ 10% მხარს უჭერდა მუსლიმანი ტერორისტების მიერ დასავლეთის ქვეყნებისათვის მიყენებულ ტერორისტულ დარტყმებს.
საფრანგეთის შინაგანი დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, ქვეყანაში მცხოვრები ექვსი მილიონი მუსულმანიდან, სამასი ათასი რადიკალურად არის განწყობილი.[4] 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ საფრანგეთში განსაკუთრებით მკვეთრად იმატა, რადიკალური ისლამური მიმდინარეობების წარმომადგენლების ანტისახელმწიფოებრივმა გამოსვლებმა. 2004 წლის დასაწყისში მუსლიმანი გოგონების მიერ ფარანჯის სკოლაში ჩაცმის აკრძალვასთან დაკავშირებით საფრანგეთს გადაუარა, მუსლიმანი მოსახლეობის საპროტესტო ტალღამ. ამ ერთი შეხედვით მშვიდობიან დემონსტრაციებს 2005 წლის ნოემბრში საფრანგეთის ქალაქებში თითქმის ერთდროულად დაწყებული ეთნო-რელიგიური მღელვარებები მოყვა. მათში აქტიურ მონაწილეობას სწორედ საფრანგეთის მოქალაქე და ემიგრანტი ახალგაზრდა მუსლიმანები იღებდნენ. მღელვარებებმა ნათლად უჩვენა დასავლეთის სახელმწიფოებს, რომ მუსლიმანი მოსახლეობის რადიკალური გამოსვლების წინააღმდეგ მათი ნაქები დემოკრატია უძლური აღმოჩნდა. მხოლოდ ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით მოხერხდა მათი ჩახშობა, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა ქვეყნის შიგნით არსებული რელიგიურ-ეთნიკური დაპირისპირებები.
უნდა აღინიშნოს, რომ დასავლეთ ევროპის ქვეყნების დიდ პრობლემად იქცა 1990-იან წლებში იუგოსლავიაში მიმდინარე მოვლენებში მათი აქტიური ჩარევა და იქ მცხოვრები მუსლიმანების დახმარება. ჯერ ერთი, უამრავი მუსლიმანი მოხალისე, მათ შორის ,,ალ-ქაიდას~ ემისრები და ,,მოჯახედები~ ჩავიდნენ დიდი რაოდენობით იუგოსლავიის ტერიტორიაზე მიმდინარე კონფლიქტებში მონაწილეობის მისაღებად; მეორეს მხრივ აღნიშნული კონფლიქტის დამთავრების შემდეგ ადგილობრივი თუ ჩამოსული მუსულმანები გაიფანტნენ ევროპის ქვეყნებში. მეტიც, 2001 წლის დეკემბერში კოსოვოში დააპატიმრეს ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის ,,Gლობალ ღელიეფ Fოუნდატიონ“-ის წარმომადგენლები ,,ალ-ქაიდას~-თან კავშირის და დაფინანსების ბრალდებით. აიკრძალა ამ ორგანიზაციის საქმიანობა ბოსნიაში, ასევე ჰერცოგოვინაში. ამ ორგანიზაციის შტაბ-ბინა მდებარეობდა ჩიკაგოში, ფილიალი კი ბრიუსელში. აღმოჩნდა, რომ ევროპაში ,,Gლობალ ღელიეფ Fოუნდატიონ“-ის წარმომადგენლობაში და ზოგიერთ სხვა ჰუმანიტარულ მისიებში მუშაობდნენ 1992-1995 წლებში ბოსნიელი სერბების მხარეზე მებრძოლი მუსლიმანი ,,მოჯახედები~.[5] მათ სხვადასხვა სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებით ამ ქვეყნების მოქალაქეობაც კი მიიღეს.
სავარაუდოა, რომ მომავალში ევროპის ქვეყნებში გაძლიერდება ისლამის რადიკალიზაცია და მუსლიმანი მოსახლეობის გამოსვლები. ისლამური რადიკალური მოძრაობების ევროპის ქვეყნებში გაძლიერებას, შეღწევას და იქ მცხოვრები მრავალმილიონიანი მუსლიმანური ,,უმას~(თემი) რადიკალიზაციას ხელს შეუწყობენ ერაყიდან, ავღანეთიდან და პაკისტანიდან ჩასული ლტოლვილებიც. სხვათა შორის, დღეს ევროპის უნივერსიტეტებში არსებული რადიკალური ისლამური ორგანიზაციების წევრები ძირითადად ისლამური ქვეყნებიდან ჩასული ლტოლვილები არიან. ეს განპირობებულია იმით, რომ ჯერ ერთი ბევრი მათგანი სამშობლოში ამა თუ იმ ფორმით მონაწილეობდა სხვადასხვა სახის კონფლიქტებში, ან იყო რომელიმე შეიარაღებული ფორმირების, რადიკალური ისლამური ორგანიზაციის წევრი. მეორე, ევროპის ქვეყნებში მცხოვრები თუ ლტოლვილების სახით ჩასული, სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის მუსლიმანების დიდი ნაწილი, ვერ ახდენს ინტეგრაციას ადგილობრივ მოსახლეობასთან, საზოგადოებასთან. განსხვავებული კულტურა, ღირებულებები მათ აიძულებს ეძებონ თავშესაფარი ნაცნობ, ახლობელ გარემოში და ხვდებიან რადიკალური ისლამური მიმართულების მიმდევართა რიგებში. მაგალითად, იგივე ვაჰაბიზმის იდეოლოგიის საფუძველზე მოქმედ ტერორისტულ ორგანიზაციებში, ვაჰაბიზმის, როგორც რელიგიურ-იდეოლოგიური მიმდინარეობის ინტერნაციონალური ბუნების და მუსლიმანებისათვის საერთო ისლამური ღირებულებების თანხვედრის გამო.
ისლამური რელიგიის ორივე ძირითადი მიმართულება _ შიიზმი და სუნიზმი ქადაგებს იმ ღირებულებებს, რომელიც წინასწარმეტყველი მუჰამედის სიცოცხლეში არსებობდა. ,,შარიათის~ კანონები დაფუძნებულია 14 ასეული წლის წინ გვაროვნული-თემური წყობილებისათვის დამახასიათებელ ურთიერთობათა სისტემაზე. შესაბამისად მუსლიმანური სამყაროს თუ ცივილიზაციის კულტურული, რელიგიური, პოლიტიკური ღირებულებები კარდინალურად განსხვავდება დასავლური ღირებულებებისაგან. დღეს დასავლური კულტურული თუ პოლიტიკური ღირებულებების ზეწოლის ფორმით მიტანას ისლამურ საზოგადოებაში აიოლებს თანამედროვე მსოფლიოში სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის უსწრაფესი განვითარება. მასზე კი, მუსლიმანი მოსახლეობა და განსაკუთრებით ახალგაზრდობა მტკივნეულად რეაგირებს. ამიტომ სავარაუდოა, რომ რადიკალური ისლამური იდეოლოგიის მატარებელ ორგანიზაციებში, უფრო მეტად გაიზრდება ევროპის ტერიტორიაზე მცხოვრები მუსლიმანი ახალგაზრდობის ხვედრითი წილი. 
ამასთან ერთად ევროპის ქვეყნებში მუსლიმანების რაოდენობის ზრდა, მათი გააქტიურება, რადიკალური ისლამური მიმდინარეობების წარმომადგენლების აქტიური ტერორისტული საქმიანობა იწვევს ადგილობრივი მოსახლეობის საპასუხო რეაქციას. შემთხვევითი არაა, რომ სწორედ 1990-იანი წლებიდან დაიწყო გაძლიერება რადიკალურმა მემარჯვენე და ნაციონალისტურმა ორგანიზაციებმა ბელგიაში, ჰოლანდიაში, გერმანიაში, იტალიაში, საფრანგეთში, ავსტრიაში და სხვა ევროპულ ქვეყნებში. მაგალითად, ფრანგულმა ნაციონალისტურმა ორგანიზაციამ _ ,,FღONთ NAთIONAL”-მა (ნაციონალური ფრონტი) საფრანგეთში 1993 წლის არჩევნებში მიიღო ხმათა 12.5%. ამ პარტიას 10 წევრი ჰყავდა ევროპარლამენტში და 700-მდე საფრანგეთის ადგილობრივ თვითმმართველობებში. 
მართალია ,,FღONთ NAთIONAL” თვითონ არ აწყობს ტერორისტული ხასიათის აქციებს, მაგრამ მისი გავლენის ქვეშ მყოფი რამოდენიმე მცირე ორგანიზაციის წევრები სისტემატურად თავს ესხმიან ემიგრანტებს და პირველ რიგში მუსულმანებს. თითქმის ასეთივე ტაქტიკით მოქმედებს ბელგიური ნაციონალისტური ორგანიზაცია ,,VLAAMშ BLOK”. იგი მონაწილეობს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, ხოლო მასთან დაკავშირებული ორგანიზაციის ,,VLAAMშE MILIთANთE OღDE”-ის წევრები თავს ესხმიან და ფიზიკურად უსწორდებიან ემიგრანტ მუსულმანებს.[6]  ანუ ფაქტობრივად სახეზეა _ ერთის მხრივ იდეოლოგიური ცენტრების არსებობა სხვადასხვა ნაციონალისტური პარტიების სახით, რომლებიც ეწევიან ფართო იდეოლოგიურ, პროპაგანდისტულ საქმიანობას ამ ქვეყნებში არსებული კანონმდებლობის დარღვევის გარეშე და ცდილობენ პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვებას. მეორეს მხრივ, მათი იდეოლოგიური, პროპაგანდისტული გავლენის ქვეშ მყოფი ორგანიზაციები ანხორციელებენ ისეთ ძალადობრივ ქმედებებს, რაც ხელს უწყობს ამ ქვეყანების დესტაბილიზაციას. ხდება ძალადობის ესკალაცია ორივე მხრიდან, რაც გამორიცხავს მის პრევენციას საწყის ეტაპზე. 
ამ პროცესების მომდევნო ეტაპზე ისეთი ძალადობრივი ფაქტების დაწყების გამო როგორებიცაა _ მანქანების დაწვა, მაღაზიების დარბევები, ძარცვა, მთავარი აქცენტი სახელმწიფო ორგანოების მიერ კეთდება ძალისმიერი მეთოდებით მათ აღკვეთაზე. ძალადობას კი კვლავ ძალადობა მოყვება, რისი კარგი მაგალითი სულ ცოტა ხნის წინ საფრანგეთში კვლავ გამეორებული მუსულმანების გამოსვლებია. 2005 წელს მუსულმანი ახალგაზრდების გამოსვლების ჩახშობის ტალღაზე მოსული ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, საფრანგეთის დღევანდელი პრეზიდენტი სარკოზი კვლავ ძალისმიერი მეთოდებით ცდილობს მათ პრევენციას. საფრანგეთის მაგალითზე კარგად ჩანს, რომ სახელმწიფოს მიერ პოლიციური ტიპის ღონისძიებების გამოყენება, რელიგიური და ეთნიკური პრობლემების მოგვარების მიზნით, ვერ ახდენს მათ გადაჭრას. ეს პრობლემები რჩება და პერმანენტულად მეორდება მუსულმანების გამოსვლები, რომლის მონაწილე ორივე  მიმართავენ უფრო და უფრო რადიკალურ ზომებს. ასეთი ვითარება კი უქმნის ხელსაყრელ პირობებს, არა მარტო საფრანგეთში, არამედ სხვა ევროპულ ქვეყნებში არსებულ ნაციონალისტური ტიპის პარტიებს იოლად მივიდნენ ხელისუფლებაში.
მაგალითად დასავლეთ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ქვეყანაში შვეიცარიაში, ცოტა ხნის წინ ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა მემარჯვენე სახალხო პარტიამ. ეს პარტია თავის წინასაარჩევნო პროგრამაში ამომრჩევლებს ჰპირდებოდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში აუცილებლად გაამკაცრებდა დამოკიდებულებას ემიგრანტების მიმართ. იგი ამასთან ერთად ეწინააღმდეგება ქვეყანაში მცხოვრები მუსულმანების რაოდენობის ზრდას, მეჩეთების მშენებლობას და სხვა.[7]
ამრიგად, სავარაუდოა, რომ მომავალში ამ ტიპის ნაციონალისტური იდეოლოგიების მქონე პარტიების ევროპული ქვეყნების მმართველობაში მისვლა გამოიწვევს ძალისმიერი მეთოდების გამოყენების ზრდას ემიგრანტების და მუს-ლიმანების წინააღმდეგ. ეს კი უფრო მეტად გააღრმავებს არსებულ დაპირისპირებებს ადგილობრივ მოსახლეობას და ლტოლვილ, ემიგრანტ თუ ამ ქვეყნების მოქალაქეობა მიღებულ მუსლიმანებს შორის. მით უმეტეს, რომ დემოკრატიული მმართველობის სისტემის მქონე ევროპის ქვეყნებში, არ არსებობს მათი რაოდენობრივი ზრდის შეჩერების სამართლებრივი მექანიზმები. 
ისლამის თანამედროვე რადიკალური მიმდინარეობები საკმაოდ პრობლემატურია საქართველოსთვისაც. ბოლო სტატისტიკური მონაცემებით საქართველოში სამასი ათასიდან ნახევარ მილიონამდე მუსლიმანი ცხოვრობს. შესაბამისად მათში სხვადასხვა რადიკალური ისლამური მიმდინარეობის ფართოდ გავრცელების საფრთხე რეალურად არსებობს. განსაკუთრებით საშიშია მათი გავრცელება იმ ტერიტორიებზე, რომელიც ჯერ-ჯერობით არ კონტროლდება ქართული სახელმწიფოს მიერ. ამ მიმდინარეობებიდან ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული და საშიშია სწორედ ვაჰაბიზმი. 
   1990-იან წლებში ვაჰაბიტური მიმართულების რელიგიურმა ორგანიზაციებმა ლტოლვილი, გაჭირვებული მოსახლეობის დახმარების საბაბით შეძლეს შემოსვლა და გარკვეული პოზიციების მოპოვება პანკისის ხეობაში. მათი რაოდენობა განსაკუთრებით გაიზარდა 1994-1999 წლებში, როცა ჩეჩნეთიდან დიდი რაოდენობით წამოსულ ლტოლ-ვილების ნაკადებს თან მოყვნენ სხვადასხვა ისლამური ქვეყნების, ასევე დამოუკიდებელი რელიგიურ-პოლიტიკური ორგანიზაციების, ისლამური საერთაშორისო ფონდების ჰუმანიტარული მისიები. ისინი მოსახლეობას აქტიურად ეხმარებოდნენ მატერიალურად და პარალელურად სხვადასხვა გზით ავრცელებდნენ თავის მოძღვრებას. კერძოდ, პანკისის ხეობაში ვაჰაბიტური იდეოლოგიის მქონე ორგანიზაციებმა ააშენეს მეჩეთი, გახსნეს რამოდენიმე დაწყებითი სასულიერო სასწავლებელი, რადიკალურ ისლამურ ლიტერატურასთან ერთად უფასოდ ავრცელებდნენ ყურანს და სხვა ისლამურ რელიგიურ ლიტერატურას. 
       მალევე შეიქმნა ვაჰაბიტური ,,ჯამაათი~, რომლის წევრები ძირითადად გახდნენ ხეობის მკვიდრი ახალგაზრდები _ ეთნიკურად ქისტები, ასევე მცირე რაოდენობით ოსები და ქართველები. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციის და მისი ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ ,,ჯამაათში~ ისინი გაერთიანდნენ სხვადასხვა მიზეზის გამო. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, დიდ როლს თამაშობდა რელიგიური მოტივი და ვაჰაბიტების ზემოთ აღწერილი გადაბირების შესანიშნავი ტაქტიკა და ასევე, ტრადიციული ისლამისათვის დამახასიათებელი, გვაროვნული ურთიერთობების სიმძიმე, რაც გააძლიერა 1990-იან წლებში მოსახლეობის მატერიალური მდგომარეობის კატასტროფულმა გაუარესებამ. შესაბამისად თავდაპირველად მათ რიგებში მოხვდნენ ის პირები, ვისაც _ არ ჰქონდა ფული, ქონება, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ელემენტია ისლამურ საზოგადოებაში, ადამიანის სოციალური სტატუსის განსასაზღვრად; არ ჰქონდა მიწა, ან თავის რჩენის სხვა ნორმალური, ცივილური საშუალება; რაიმე მიზეზით ვერ ახერხებდა ინტეგრირებას ადგილობრივ, ტრადიციულ ისლამურ თემში, საზოგადოებაში; იყო მეორეხარისხოვანი სტატუსის მქონე სოციალური ფენის, არაავტორიტეტიანი გვარის, არაავტოხტონი ეროვნების წარმომადგენელი.
       თავისი როლი ითამაშა რუსეთ-ჩეჩნეთის ომმა, რომელმაც გააღვიძა ქისტებში თანამოძმე ვაინახების დახმარების სურვილი. ვაჰაბიტური იდეოლოგიის ქვეშ მოქმედი შენაერთები და დაჯგუფებები ჩეჩნეთში, განსაკუთრებით 1998-1999 წლებში, ყველაზე ორგანიზებულ და ძლიერ სამხედრო ძალად იქცნენ. ასევე ამერიკის და დასავლეთის ქვეყნების მიერ ისლამურ სახელმწიფოებზე გაძლიერებულმა პოლიტიკურმა ზეწოლამ ისლამურ ქვეყნებში და საერთოდ მუსლიმან მოსახლეობაში, ანტიდასავლური განწყო-ბილებების ზრდა განაპირობა. გამონაკლისი არც საქართველოში მცხოვრები მუსლიმანები აღმოჩნდნენ. თავისი უარყოფითი როლი ითამაშა იმანაც, რომ არ არსებობდა ახლად დამოუკიდებლობამოპოვებულ ქართულ სახელმწიფოსთან, ქართულ საზოგადოებასთან ამ ადამიანების ინტეგრირების სწორი პოლიტიკა. 
      ბოლო ათწლეულებში დასავლური ქვეყნების მიერ ხორციელდება მათთან არსებული სხვადასხვა სექტების საქმიანობის წახალისება საქართველოში. აღნიშნულმა სექტებმა ჩვენს ქვეყანაში დაარსეს თავისი ფილიალები. ბევრი ადამიანი მოექცა მათი გავლენის ქვეშ, რადგან ერთის მხრივ, მოსახლეობა იმყოფებოდა მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში, მეორეს მხრივ, კი სულიერ კრიზისში, რაც დამახასიათებელი იყო ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნისათვის. სხვათა შორის, მათ მიერ თავისი მოძღვრებების გავრცელებისათვის გამოყენებული სტრატეგია, ტაქტიკა, მეთოდები და ხერხები ძალიან ჰგავს, რადიკალური ისლამური მიმდინარეობების მისიონერების მიერ გამოყენებულ ტაქტიკას. მაგალითად, მატერიალური დახმარების გაწევა და პარალელურად რელიგიური შინაარსის ლიტერატურის დარიგება საჩუქრებთან ერთად. [8] შესაბამისად იმ წლებში პანკისის ხეობაში სხვადასხვა რელიგიური მიმდინარეობის მისიონერებთან ერთად განსაკუთრებით გააქტიურებული იყვნენ სხვადასხვა ქრისტიანული სექტის წარმომადგენლები. ისინი მთაში მცხოვრებ ქართველ მოსახლეობას, ისედაც გაუთვითცნობიერებელს რელიგიურ საკითხებში უწევდნენ ანტიმართლმადიდებლურ პროპაგანდას და ბევრი მათგანი მოექცა მათი გავლენის ქვეშ. 
       შესაბამისად რელიგიური საკითხიც გახდა იმის მიზეზი, რომ ქართული საზოგა-დოება, უფრო სწორედ ქართველი მოსახლეობა, რომელიც ადრე ქისტებში აღიქმებოდა ერთიან ქრისტიანულ მართლმადდებლურ რელიგიურ ორგანიზმად, მათთვის გაუცხოებული აღმოჩნდა. საქმე იმაშია, რომ მთის მოსახლეობის ქართველებს მართლ-მადიდებლობასთან ერთად, ისევე როგორც ქისტებს ტრადიციული ისლამის ნორმებთან ერთად, შესისხორცებული ჰქონდათ მთის ხალხებისათვის დამახასიათებელი წეს-ჩვეულებები. მათი თანხვედრა აპირობებდა ქართველების ქისტებთან და ეთნიკურად განსხვავებულ სხვა მუსლიმან მოსახლეობასთან ფართო ურთიერთობებს. მარტო ის რად ღირს, რომ ქისტებით დასახლებულ სოფელ ჯოყოლოში დღესაც არსებობს ქრისტიანული ეკლესია. ქისტები ადრე იქ შედიოდნენ სალოცავად და მონაწილეობასაც იღებდნენ ქართულ საეკლესიო დღეობებში. ერთის მხრივ, ქრისტიანული სექტების მიერ მთის მოსახლეობისათვის ტრადიციულად უცხო რელიგიური ქცევის წესების შეტანამ ადგილობრივ ქართველ და ოს მოსახლეობაში და მეორეს მხრივ, მზარდმა რადიკალურმა ისლამურმა პროპაგანდამ განაპირობა ქართული და ქისტური მოსახლეობის შიდა, მოსახმარი კულტურის კავშირების დაკარგვა. ვგულისხმობთ მათი თანაცხოვრების ათწლეულების განმავლობაში არსებული ჩამოყალიბებული ქცევის წესების, ურთიერთობის ფორმების, ტრადიციების მოსპობას. 
       ამასთან, თანამედროვე ეკონომიკური გლობალიზაციის პირობებში, როცა ადამიანები ვეღარ იდენტიფიცირდებიან ეროვნულ სახელმწიფოსთან, ცდილობენ მოახდინონ იდენტიფიცირება უფრო ფართო მაშტაბით. ჩვენს შემთხვევაში მუსლიმანი მოსახლეობა ქისტების სახით ცდილობდა მოეხდინა ისლამურ სამყაროსთან, ისლამურ ცივილიზაციასთან გაიგავება, რადგან თვლიდა, რომ მათი იდენტიფიცირების ქვაკუთხედი არა სახელმწიფოა რომელშიც ცხოვრობენ, არა არსებული პოლიტიკური რეალობაა, ან ენა, ან წარმოშობა, არამედ საერთო რელიგია. [9] ამიტომ ცხადია, დიდი როლი ითამაშა იმ გარემოებამ, თუ ისლამის რომელი მიმდინარეობის მისიონერებმა შეძლეს მათთან პირველებმა პროპაგანდა-აგიტაცის დაწყება და კავშირების დამყარება. ერთ-ერთი პირველები კი სწორედ ვაჰაბიტები იყვნენ. 
      თავიდან ვაჰაბიტებმა კარგად გამოიყენეს კავკასიის მთიანეთში მცხოვრები მო-სახლეობისათვის დამახასიათებელი გვაროვნული წეს-ჩვეულებები. ვაჰაბიტური მოძღვრების მიხედვით, ,,ჯამაათებმა~ თავის წევრებს უნდა შეუცვალოს სისხლით მონათესავე გვარის წევრებთან ერთიანობის ტრადიცია. მათ უნერგავენ აზრს, რომ ისინი უფრო ძლიერი ფაქტორით _ საერთო რელიგიური იდეით არიან გაერთიანებული თანამოაზრეებთან. მათი ,,ჯამაათი~ კი მსოფლიო მუსლიმანური თემის სრულუფლებიანი ნაწილია. ,,ჯამაათი~ ასევე ფიზიკურად იცავს თავის წევრებს. 
შესაბამისად, პანკისის ხეობაში ქისტი და რა მარტო ქისტი, მათ შორის ოსების და ქართველების გარკვეული ნაწილისათვის, ვაჰაბიტურ ,,ჯამაათში~ შესვლის მოტივაცია იყო საკმაოდ პრაგმატული. ცენტრალური ხელისუფლებისაგან უკონტროლოდ დარჩენილ ხეობაში ძალიან იყო გაზრდილი უმძიმესი დანაშაულების რაოდენობა. კრიმინალები კი ვერ ეხებოდნენ ვაჰაბიტებს, რადგან ,,ჯამაათი~ სასტიკად უსწორდებოდა მისი წევრების სიცოცხლის და ქონების ხელმყოფებს. ასევე ვაჰაბიტური ,,ჯამაათი~ მატერიალურად ეხმარებოდა და დღესაც ეხმარება ყველაზე გაჭირვებულ მოსახლეობას. 
      გარკვეულწილად ზემოაღწერილი მოვლენები დღესაცაა დამახასიათებელი პანკისის ხეობისათვის. იქ ახალგაზრდობა კვლავ მოწყვეტილია საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას. ადგილობრივი ხელისუფლება კი, როგორც ადრე ხდებოდა, აქცენტს აკეთებს ძველი თაობის გავლენიანი წარმომადგენლების, ძლიერი ტრადიციული კლანების მხარდაჭერაზე. არადა ვითარება კარდინალურად არის შეცვლილი. პანკისის ხეობის ქისტი ახალგაზრდობა ვეღარ ეგუება საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში მეორეხარისხოვან როლს, ადგილობრივ მმართველობით სტრუქტურებში მათ იგნორირებას. ამასთან ერთად ისინი ვერ იღებენ სათანადო განათლებას ჩვენს უმაღლეს სასწავლებლებში, რაც მათ მისცემდათ საშუალებას მოეხდინათ ინტეგრირება დემოკრატიულ ფასეულობებზე აქცენტის ამღებ ქართულ საზოგადოებაში. ამიტომ საერო უმაღლესი განათლების გარეშე დარჩენილი, დაუსაქმებელი, ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მომხდარ ძირეულ ცვლილებებს მოწყვეტილი ახალგაზრდობა, ავსებს ადგილობრივი ვაჰაბიტების რიგებს. ზოგიც ცალკეული ისლამური ფონდების დაფინანსებით და მხარდაჭერით სასულიერო განათლების მისაღებად მიემგზავრება, სხვადასხვა ისლამურ სახელმწიფოში არსებულ უმაღლეს სასულიერო სასწავლებლებში. 
დღეს საქართველოში სტაბილური სიტუაციაა, მაგრამ რას მოგვიტანს რადიკალური ისლამური მოძღვრების მიმდევრების რაოდენობის ზრდა მომავალში, კრიზისული პერიოდის დადგომის შემთხვევაში ძნელი მისახვედრი არაა. ამიტომ აუცილებელია მათი გავრცელების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გატარება. 
       ერთ-ერთ უმთავრესი ღონისძიება ქისტი და საერთოდ, საქართველოში მცხოვრები მუსლიმანი არაქართველი ახალგაზრდობისათვის ქართული უმაღლესი სასწავლებლების კარებების ფართოდ გაღება იქნება. ოღონდ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ევროპული ქვეყნების გამოცდილება. შევიმუშაოთ მუსლიმანი სტუდენტების ქართულ საზოგადოებასთან ინტეგრირების სწორი პროგრამები, რათა არ გავიმეოროთ მათი შეცდომები. 
      ასევე აუცილებელია შევისწავლოთ და გამოვიყენოთ მუსლიმანი და ქართველი მოსახლეობის თანაცხოვრების ასწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული ქცევის წესების, ურთიერთობის ფორმების, ტრადიციების ის ნორმები, რომლებიც ხელს უწყობდა მათ მშვიდობიან თანაარსებობას. გავაანალიზოთ და მოვახდინოთ მათი დასავლური, კერძოდ ევროპული სახელმწიფოების ანალოგიურ გამოცდილებასთან შეჯერება, ინფორმაციის გაცვლა და შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაფართოება. 

გამოყენებული წყაროების და ლიტერატურის სია:

1. ,,Радикализация мусульманской молодежи в Европе: действительность и масштаб” Доклад Клода Монике, генерального директора Европейского центра стратегических исследований в области разведки и безопасности ( Eუროპეან შტრატეგიც Iნტელლიგენცე ანდ შეცურიტყ ჩენტერ EშIშჩ ), сделанный на слушаниях Комитета по международным делам (Подкомитет по Европе и растущим угрозам) Конгресса США 27 апреля 2005 г. წწწ. აგენტურა.რუ/სციენცე/
2. თ. სიმაშვილი, გ. ღადალაშვილი ,,საერთაშორისო ისლამური ტერორიზმი და ,,ალ-ქაიდა~` 2007 წელი  თბილისი
3. ,,Материалы заседаний Экспертного совета Комитета Совета Федерации помеждународным делам 2002 год” Сессия № 2 _ "Ислам как угроза национальной и международной безопасности” წწწ.რამბლერ.რუ/ნაუ/
4. ,,Доклад Французской контрразведки Dშთ о структуре ,,Аль-Каиды’’” перевод с Французской газети "Mონდ". წწწ.აგენტურა.რუ/სციენც/
5. ,,თჰე ჭასჰინგტონ Pოსტ” 31.03.2005 г.
6. ‘’Nაზისმ ანდ ეხტრემე  ნატიონალისმ ინ Eუროპე’’  შEAღჩHLIGHთ&HUMANIშთ 1994
7. ,,შვეიცარიაში ულტრამემარჯვენეეებს და მწვანეებს ირჩევენ~ ,,კვირის პალიტრა~ 20.10-04.11. 2007
8. ,,ყველაზე უძვირფასესი საჩუქარი~ 2003წ. შამარიტანს Pურსე (ჩოპყრიგტ-ჭორლდშერვე Mინისტრიეს IშBN 1 896658 81) Gეორგიან(ქართულ ენაზე)
9. მ. თვალიაშვილი, თ. სიმაშვილი ,,გლობალიზაცია და პოლიტიკურ ძალთა ახალი გადანაწილება” ჟურნალი ,,კავკასიის მაცნე~ #14 2006 წელი გვ. 21